რწმუნებულმა საგურამოში ჩაისა და სანელებლების საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე სოფელ საგურამოში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ახლადგახსნილ საწარმოს ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო პროცესს გაეცნენ  და უკვე მიღწეული შედეგები შეაფასეს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ჩაისა და სანელებლების გადამამუშავებელ საწარმოში წელიწადში 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებელს გადაამუშავებენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ და საზღვარგარეთის ბაზრებზე ხდება. კომპანიაში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

ჩაისა და სანელებლების საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 871,058 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 348,423 ლარი გრანტი, ხოლო 435,529  ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანიაში, გასულ წელს, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 186 ახალი საწარმო შეიქმნა. აქედან, 11 საწარმო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო შეღავათიან აგროკრედიტს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.