მხარის რწმუნებული შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2019 წლის გეგმების პრეზენტაციას დაესწრო.
 
განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის დასახელდა მცხეთა-მთიანეთში გახსნილი კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო ტრასა, დევდორაკის გვირაბი, გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა და სტეფანწმინდის სპორტული დარბაზი.
 
მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება 2019 წელსაც გაგრძელდება. დაიწყება კობი-ქვეშეთის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც კობი-გუდაურის მონაკვეთის ჩაკეტვის გამო შეფერხებული მოძრაობის პრობლემას გადაჭრის. იგეგმება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, ხეობების 67 დასახლება ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქ მცხეთაში, დევნილი მოსახლეობისთვის კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს.
 
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიმართულებით 2019 წელს გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება.