ეკონომიკურ კონფერენციაზე მცხეთა-მთიანეთის პროექტები განიხილეს

მაია ცქიტიშვილი: დუშეთი ტურისტული ლოკაცია უნდა გახდეს, კობი და თრუსო კი ახალი მიზიდულობის ცენტრებად იქცევა.

ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს. კონფერენციას, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ესწრებოდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. საბაგირო ტრასა კურორტი გუდაურის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს და კობს ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრად აქცევს. ასევე, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი გზის პრობლემას გადაჭრის.

კონფერენციაზე მინისტრმა რეგიონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის, დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება და თრუსოს რეაბილიტაცია განიხილა. პროექტების ფარგლებში ქალაქ დუშეთში, XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს რესტავრაცია ჩაუტარდება და თრუსოს ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად კეთილმოეწყობა.

ყურადღება გამახვილდა დუშეთში არსებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ფასეულობაზე - „ჭილაშვილების სასახლეზე“. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, პროექტის განხორციელების მიზნით, სამინისტრო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.