მცხეთა-მთიანეთში საერთო კრებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთო კრებები დასკვნით ფაზაშია. კრებები რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინტენსიურად ესწრებიან. მიმდინარე პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო აქტიურად ერთვება, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი თავდაპირველი თანხის გაორმაგებამ განაპირობა.

ამჯერად, საერთო კრებები თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში - ზარიძეებში, ტუშურებში, ჭოპორტში, ბულაჩაურში და წითელსოფელში გაიმართა. კრებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა. მათ შორისაა, შიდა გზების მოწესრიგება, სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ბაღებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია. ადგილობრივებმა ერთობლივი მსჯელობის შედეგად, ის პროექტები აირჩიეს, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად, შერჩეულ პროექტებს ადგილობრივი თვითმმართველობა დააფინანსებს.