შალვა კერესელიძემ ბარისახოელ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბარისახოს პანსიონსა და საბავშვო ბაღს ესტუმრნენ. მათ ბავშვებს და აღმზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.
 
მეფუტკრეობაზე მეოცნებე ძმებს, გაგა და გია ლიქოკელებს, რომლებიც ამავე პანსიონის მოსწავლეები არიან, ლევან დავითაშვილმა 10 ცალი სკა გადასცა. მინისტრი და მხარის გუბერნატორი გაგას და გიას მშობლიურ ჭალისოფელში პირადად იმყოფებოდნენ, მათი გეგმები მოისმინეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
 
„ბარისახოელ ბავშვებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ, ჩვენი ახალგაზრდების ინტერესების შესახებ მოვისმინეთ და მათი სოფლების გაძლიერების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ასეთი ვიზიტები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, სტიმულის მომცემია, რომ უფრო მეტად დააფასონ მშობლიური მხარე“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.