30 წლის შემდეგ პირველად სოფელ ცხვედიეთს ელექტროენერგია აქვს

ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის ელექტრიფიკაცია დასრულდა. სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება. მათმა დიდმა ნაწილმა მშობლიური ადგილი უკვე დიდი ხანია დატოვა.
 
ცხვედიეთის მოსახლეობამ მხარის გუბერნატორთან შეხვედრისას ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებად დაასახელა და გუბერნატორისგან თანადგომის პირობა მიიღო. გუბერნატორის ადმინისტრაციამ, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გაყვანა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მოხდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
 
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის განცხადებით, ცხვედიეთის ელექტრიფიკაცია ბევრი ადგილობრივისთვის იქნება სტიმული მშობლიურ კერას დაუბრუნდეს და დაცლილი სოფელი გამოაცოცხლოს.