მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა

მცხეთა-მთიანეთს დამეგობრებული პარდუბიცეს მხარის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამუშაო შეხვედრები დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში და გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დელეგაციის წევრებმა მხარის გუბერნატორთან ჩეხურ-ქართული თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებზე ისაუბრეს. აღნიშნული თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარებას, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი აქტიური ჯგუფების, ე.წ. ლაგების შექმნას, მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

„მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც, ვფიქრობ, ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და ხელს შეუწყობს რეგიონში, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.