საგურამოში ილია ჭავჭავაძის 181 წლის იუბილე აღინიშნა

დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 181 წელი შესრულდა. საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე დაესწრო და შეკრებილ ადამიანებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ხსოვნას მიაგო პატივი. „ეს არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი თარიღი ქართველი ხალხისთვის და ჩვენ მას განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. მინდა სრულიად საქართველოს მოსახლეობას მივულოცო ეს დღე და ილიას საოცნებო ქვეყანაში ცხოვრება ვუსურვო“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა მისასალმებელ გამოსვლაში. ღონისძიების ფარგლებში გაიცა პრემია საგურამო და ილიას მედალი ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გაიმართა ჟურნალ „ჭოროხის“ 60 წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია. ესწრებოდნენ წარმომადგენლები აჭარის მწერალთა სახლიდან. ღონისძიებაზე საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ „იალონის“ ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.