დუშეთის ცენტრალური პარკი რეაბილიტირდა

ქალაქ დუშეთში ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში შადრევანი, სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემა მოეწყო, პატარ-პატარა სკვერები და ბილიკები გაკეთდა,  საყრდენი კედლები გამაგრდა. ასევე, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

უახლოეს პერიოდში ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების სამუშაოები დაიწყება. პროექტი ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების, ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების რეაბილიტაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი. ამავე ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობა.  

პროექტით, ასევე, განსაზღვრულია შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ღირებულების მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე.წ. „აპრელოვის“  სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში 40 სახლის რესტავრაცია განხორციელდება, რომელთაგან 24-ს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და პროექტის მენეჯერთან ... ერთად, ახლად რეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა და ის ქუჩები მოინახულა, რომლის განახლებაც ახლო მომავალში იგეგმება.

გუბერნატორის განცხადებით რეაბილიტირებული სკვერი, განახლებულ ისტორიულ უბნებთან ერთად, ქალაქ დუშეთს მნიშვნელოვან ტურისტულ ფუნქციას შესძენს. პროექტები დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.  

ცენტრალური პარკისა და ისტორიული ქუჩების განახლებას მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ჯამში მათი ღირებულება 7.4  მილიონ ლარს შეადგენს.