დუშეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოწესრიგება გრძელდება. დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ახლად გახსნილი ბაღი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან ზაქარია ქუცნაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. გუბერნატორის თქმით, ოძისის საბავშვო ბაღში ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი პატარების ჯანსაღი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაღს აქვს შესაძლებლობა მიმდებარე სოფლებს მოემსახუროს.

„მივესალმებით რეგიონში მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას. შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი სოფლის მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი თანამედროვე საბავშვო ბაღი, სადაც ჩვენს პატარებზე მთელი დღის განმავლობაში კვალიფიციური აღმზრდელები იზრუნებენ“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ მისასალმებელ სიტყვაში.

25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი მუნიციპალური სახსრებით დაფინანსდა. დასაქმდა 9 ადგილობრივი მოსახლე.