კობი-გუდაურის საბაგირო გზა შენდება

გუბერნატორი შალვა კერესელიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად, კობი-გუდაურის საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

ახალი საბაგირო გზა დაახლოებით 7.5 კმ სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, რაც მოთხილამურეებს შესაძლებლობას მისცემს გვიან გაზაფხულამდე ისრიალონ.

მხარის გუბერნატორის განცხადებით, ახალი საბაგირო გზა გუდაურს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური წინსვლისთვის.

სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 81 მილიონი ლარია და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.