მცხეთას თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

ქალაქ მცხეთაში, ყოფილი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის  სამუშაოები მიმდინარეობს. ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია განთავსდება, ვიზიტორთა და ადმინისტრაციული სათავსები მოეწყობა.

პროექტის ღირებულება 9 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოებს  მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც  2019 წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პროექტის მენეჯერთან, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭე“ საკონსერვაციო სამუშაოები  ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით აღიჭურვება.

პროექტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა. დაცულია მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტი.