გუბერნატორი ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა

შალვა კერესელიძე როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების ახიელისა და ამღის მოსახლეობას შეხვდა, მათთან ერთად მიმდინარე და აქტუალური საკითხები განიხილა და ადგილობრივების საჭიროებებიც მოისმინა. გუბერნატორი ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების არხოტის ხეობის ახალგაზრდა რეინჯერებსაც გაესაუბრა, რომლებიც  რამდენიმე თვეა მშობლიურ მხარეს დაუბრუნდნენ და იქ აგრძელებენ სამსახურს.

ვიზიტის ფარგლებში გუბერნატორი მთისა და ხევსურეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქომაგს, 6 შვილის დედას, სანდუა წიკლაურს ოჯახში ესტუმრა. 76 წლის ქალბატონი არხოტის ხეობის საზღვრისპირა სოფელ ამღაში ცხოვრობს,  რომელიც თითქმის დაცლილია, თუმცა სოფლამდე მიყვანილმა ახალმა სამანქანო გზამ ადგილობრივებს იმედი გაუღვივა, რომ სოფლის აღდგენითი სამუშაოებიც მალე დაიწყება.

მხარის გუბერნატორმა, ადგილობრივ მოსახლეობასთნ ერთად, ბარისახო-როშკის გზის მშენებლობის დაგეგმილ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ამ მხარეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

განსაკუთრებული აქცენტი განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის საკითხებზე გააკეთა. გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული პრიორიტეტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მაღალმთიანი ზონის დასახლებების გამოცოცხლებაა.