მცხეთა-მთიანეთმა ქართულ-ლატვიურ ფორუმს უმასპინძლა

დღეს, ქალაქ მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთისა და რიგის რეგიონების ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ერთმანეთს ქართულ-ლატვიური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ. ფორუმი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით შედგა. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით კონკრეტული შეთავაზებები გააკეთეს და რეგიონების განვითარების მათეულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. 

ფორუმს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს და ლატვიის სამთავრობო და ბიზნეს-წრეებისა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. 

მხარის გუბერნატორის განცხადებით ეკონომიკური ფორუმი კარგი შესაძლებლობაა ქართული ბიზნეს და სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკუთარი ბიზნეს კონტაქტები გააფართოვონ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროგრამები და პროექტები განახორციელონ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ ტიპის სასიკეთო წამოწყებების განხორციელებას. 

ფორუმის მსვლელობისას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და რიგის რეგიონის განვითარების საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართა. 

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველო-ლატვიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 %-ით მეტია. ექსპორტის წილი 6.72 მილიონი დოლარია, იმპორტმა კი 21.72 მლნ. დოლარი შეადგინა.