უკანა ფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი სწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო.

1.5 ტონა წარმადობის თანამედროვე ტექნლოგიებით აღჭურვილი საწარმო ბაზარს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებით მოამარაგებს. აქვე დაიწყება ტრადიციული პროდუქტის - დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება.

რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც საწარმო თანადაფინანსებით პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ფხოვი 2017“ გადაეცემა.  კოოპერატივის ფარგლებში 32 ადგილობრივია გაწევრიანებული.

„რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგი შესაძლებლობაა განავითარონ ან გააფართოვონ მესაქონლეობა და სამომავლოდ მეტი ფინანსური სარგებელი ნახონ. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში მათ მიერ ჩაბარებული რძისგან მაღალი ხარისხის პროდუქცია დამზადდება, რომელიც რეგიონის ეკონომიკური წინსვლის კიდევ ერთი წინაპირობა იქნება. ვიმედოვნებთ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის დამატებითი სტიმული იქნება დარჩნენ საკუთარ სოფლებში და მაღალმთიანი დასახლებები გაამაგრონ“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ მეპაიეებთან შეხვედრისას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 678 ჰა სათიბ-საძოვარი გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისთვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შესაბამისი ტექნიკა მიიღო.