საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სისტემა განახლდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, მოადგილეებთან და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებს შეხვდა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების განახლებულ სისტემას გაეცნო.

შეხვედრის ფარგლებში  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებზე ისაუბრეს და საგანგებო სიტუაციების მართვის მექანიზმები განიხილეს. 

ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის ხუთდონიანი სისტემა დავიწროვდა. 2018 წლის 1 აგვისტოდან საგანგებო სიტუაცია მხოლოდ ეროვნული ან ადგილობრივი მნიშვნელობის შეიძლება იყოს, შესაბამისად, გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის როლი.

„სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია, რაც, საგანგებო სიტუაციების მართვას და სათანადო კონტროლს გულისხმობს. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა შესაბამის უწყებასთან. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს მოსახლეობას, როგორც ბუნებრივი, ასევე, ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეები თავიდან ავაცილოთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.