რეგიონს ახალი ჰიდროელექტროსადგური „ბოდორნაჰესი“ შეემატა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოდორნაში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ჰესი ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო. „ბოდორნაჰესის“ გახსნას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე დაესწრო.

„საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას ახალი „მწვანე“ ჰიდროელექტროსადგური - „ბოდორნაჰესი“ შეემატა, რომლის საშუალო წლიური გამომუშავებაა 15 მლნ კვტ/სთ. რეგიონში განხორციელდა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. ახალი ჰესი მნიშვნელოვანია, როგორც ენერგოეფექტურობის ზრდის, ასევე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. პროექტის ფარგლებში, უკვე, 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

„ბოდორნაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია. ე.წ. „მწვანე“ ჰესის მშენებლობა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების (DEG) ფინანსური თანადგომით განახორციელა. ინვესტიციამ 10 მლნ ლარი შეადგინა.

„ბოდორნაჰესი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად გახსნეს.