ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს 135 წელი შეუსრულდა

2 ოქტომბერს, საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა 135 წლის იუბილე იზეიმა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს სასწავლებლის იუბილე მიულოცა.

„დღესდღეობით პროფესიულ განათლებას სახელწმიფოს მხრიდან დიდი ხელშეწყობა აქვს, რაც ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თავისი განათლებით ადამიანს შეუძლია რეალური სარგებელი მოუტანოს საკუთარ თავს და ქვეყანას. დღეს ჩვენ პროფესიული განათლების უძველესი კერის იუბილეს აღვნიშნავთ. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა არსებობის 135 წლის მანძილზე ქვეყანას ძალიან ბევრი პროფესიონალი კადრი შესძინა“, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მისასალმებელ სიტყვაში.

სასოფლო-სამეურნეო პროფესიული სასწავლებელი 1883 წელს ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსდა. მის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხადაძემ შეიტანეს.

პროფესიული სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან - გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC). პარტნიორი ორგანიზაციების თანადგომით, ამჟამად, კოლეჯში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ინოვაციური საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს განვითარდნენ პროფესიულად და სწავლის პარალელურად სამუშაო გამოცდილებაც შეიძინონ.