გუბერნატორი მაღაროსკარისა და უკანა ფშავის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად სოფლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელა.

მხარის გუბერნატორი მოსახლეობას სამოქმედო გეგმის შესახებაც ესაუბრა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და  მოსახლეობის მიგრაციის შეჩერების მნიშვნელობას.

ადგილობრივმა მოსახლეებმა ნაყოფიერად მიიჩნიეს გუბერნატორთან შეხვედრა და იმედს გამოთქვამენ, რომ მოსაგვარებელ  საკითხებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„დღევანდელ შეხვედრაზე გუბერნატორთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, როგორც ჩანს ის დაინტერესებულია მთის იმ სოფლებით, რომელთაც აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა და სადაც განვითარებული არ არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა. იმედი გაჩნდა,  რომ შესაძლებლობის ფარგლებში დაიწყება პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა“ - განაცხადა მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წიფრანის მკვიდრმა ნუკრი ლაშქარაშვილმა.

გუბერნატორის განცხადებით სამუშაო პროცესში ხალხის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გუბერნატორად დანიშვნის პირველი დღეებიდან შალვა კერესელიძე უშუალოდ ხვდება მოსახლეობას და ეცნობა მათ საჭიროებებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ და გავამაგროთ მთიანი დასახლებები. მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრები და მათ მიერ წამოჭრილი საკითხების სამუშაო პროცესში გათვალისწინება მომავალშიც გაგრძელდება.