დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი გაიხსნა

 

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  მონაკვეთზე  დაახლოებით 2 კმ-იანი სიგრძის გვირაბი აშენდა.

1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.

ახალი გვირაბი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებმა გახსნეს.

დარიალის ხეობაში ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა და საფრთხე შეუქმნა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი მოჰქონდა.

 გვირაბის გახნსის შედეგად,  დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი და ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.

„დარიალის გვირაბის გახსნა უდიდესი მნიშნელობისაა ქვეყნისთვის.

 შეიქმნა სტაბილური სატრანზიტო გზა და  ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა შეძლებს  სატრანზიტო ფუნქცია შეინარჩუნოს სტიქიის დროსაც კი, რაც  აქამდე ასე ხშირად იზღუდებოდა. მინდა ხაზი გავუსვა და მივესალმო ასეთი მასშტაბური პროექტის უმოკლეს ვადაში დასრულებას." - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

პროექტის განხორციელება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.