იგეგმება ქვეშეთი-კობის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, მლეთაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირება და პროექტის შესახებ მათი მოსაზრებების მოსმენა.

წარმოდგენილი იქნა დეტალური პრეზენტაცია პროექტის შესახებ, გამოითქვა მოსაზრებები ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2.7 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.

პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად დაესწრო მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

შალვა კერესელიძის განცხადებით ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთი მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, ხელს შეუწყობს ტრანზიტული ტვირთების სწრაფად გადაადგილებას და ტურიზმის განვითარებას რეგიონში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხადის ხეობას მიეცემა შესაძლებლობა განვითარდეს, როგორც ტურისტული ობიექტი.