მცხეთა-მთიანეთში ყაზბეგობა 2018 აღინიშნა

დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი  „ფუძეობა“ და ფერმერთა აგროფესტივალი.

აგროფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა.

 ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

,,დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი სახალხო დღესასწაულია - ყაზბეგობა. ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს  ერთის მხრივ მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში" - განაცხადა შალვა კერესელიძემ

დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა 30 ქართველი მეწარმის პროდუქცია, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვება.

ჩატარდა ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტულ-გასართობი აქტივობები.

ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები დაესწრნენ.

დღის ბოლოს გალაკონცერტი გაიმართა.