ქართულ-ჩეხური თანამშრომლობა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, პირველ მოადგილესთან ბესიკ თალაკვაძესთან და მოადგილესთან თამაზ სუჯაშვილთან ერთად შეხვდა ჩეხური დელეგაციის წარმომადგენლებს, მათ შორის პარდუბიცეს გუბერნატორს მარტინ ნეტოლიცკის,  საბჭოს წევრებს დუშან სალფიკისა და პეტრ რეზნიჩეკს, სპიკერს  დომინიკ ბარტაკის.

შეხვედრზე ისაუბრეს მცხეთა-მთიანეთისა და პარდუბიცეს მხარეებს შორის მიმდინარე ერთობლივი პროექტის თაობაზე, რომელიც რამდენიმე ასპექტში ხორციელდება. პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და პროფესიული განათლება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმი და ადგილობრივი აქტიური ჯგუფები. პროექტის ფარგლებში ჩეხი პარტნიორები ეცნობიან მცხეთა-მთიანეთის პოტენციალს, რესურსებს, შეიმუშავებენ რეგიონის განვითარების მათეულ ხედვებს.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. განიხილეს პროექტის მნიშვნელობა, განსახორციელებელი აქტივობები, სამომავლო გეგმები. ჩეხური დელეგაციის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და ქართულ მხარეს მაქსიმალური თანადგომის პირობა აღუთქვეს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ჩეხ პარტნიორებს სახელისუფლებო პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა, რომელთა შორის ტურიზმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მიესალმა ორმხრივი პარტნიორობის მიმდინარე ფორმატს და ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები დააფიქსირა.