სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სამსახურებთან

25 ივნისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, პირველ მოადგილესთან ბესიკ თალაკვაძესთან და მოადგილესთან თამაზ სუჯაშვილთან ერთად, შეხვდა შპს „დუშეთის აგრარული ბაზრის“, შპს „ავტოსატრანსპორტო საწარმო 2006-ისა“ და შპს „დუშეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სამსახურის“ წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და სამსახურის თანამშრომლები.

სამუშაო შეხვედრის პირველ ნაწილში ისაუბრეს დუშეთის აგრარული ბაზრის ფინანსურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე, განიხილეს ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს აღნიშნული სამეწარმეო იურიდიული პირი დგას და მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მეორე ნაწილი ტრანსპორტის მიმართულებას შეეხო. ისაუბრეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სატრანსპორტო სფეროში არსებულ ვითარებაზე და სფეროს ეფექტური ფუნქციონირების ხელშესაწყობად განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

მესამე ნაწილში განიხილეს მუნიციპალიტეტში დეზინფექციის სამსახურის ფუნქციონირების საკითხი და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები გამოკვეთეს.

დაიგეგმა მორიგი შეხვედრები, სადაც დღეს წამოჭრილი საკითხები უფრო დეტალურად განიხილება და მოქმედების სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმება.