ყაზბეგში ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

მცხეთა - მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილეები მანანა ნარიმანიძე, ბესიკ თალაკვაძე და თამაზ სუჯაშვილი ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობის გახსნას დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ, საქართველოში პირველად, ახალ შენობაში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება. ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული სერვისების შესახებ. „ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას; დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც ამასთან საგანმანათლებლო ცენტრიც იქნება. ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გუბერნატორის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ აღნიშნა, რომ ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განმახორციელებელ მხარეებს. ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტი, რომლის ღირებულებაცაა 793 450 ლარი, განახორციელა საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) . შენობის გახსნას მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატი, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.