ქართულ-ჩეხური თანამშრომლობა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს და ჩეხური ორგანიზაციის „აგორა“ თანამშრომლობის ფარგლებში, გასული წლიდან, ხორციელდება ერთობლივი პროექტი ფშავ-ხევსურეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. მიმდინარე წელს პროექტის არეალი გაფართოვდა და მთელი რეგიონი მოიცვა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას და პოპულარიზაციას.

22 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. ჩეხმა სტუმრებმა ისაუბრეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ასპექტებში რეგიონული მასშტაბით.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა ისაუბრა რეგიონული დელეგაციის საქმიანი ვიზიტის შესახებ ჩეხეთში, პარდუბიცეს მხარეში. პარდუბიცეს გუბერნატორმა მარტინ ნეტოლიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პატივისცემა და მხარდაჭერის სურვილი მცხეთა-მთიანეთის მიმართ. ივლისის თვეში, საპასუხო ვიზიტით, ჩვენს რეგიონს უკვე პარდუბიცეს დელეგაცია ესტუმრება.