კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება

23 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, პირველ მოადგილესთან ბესიკ თალაკვაძესთან, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ქ. დუშეთში მდებარე  ყოფილი სასამართლოს შენობა დაათვალიერა. აღნიშნული შენობა ქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს. ,,ჩაფრიხანას ’’ სახელით ცნობილი სახლი სწორედ ის შენობაა, სადაც ილიას მომრიგებელი შუამავლის  კამერა ჰქონია მოწყობილი. 1968 წლის 8 ივნისს შენობაში ილია ჭავჭავაძის მუზეუმი მოეწყო, რომელიც 2009 წლამდე არსებობდა.

შენობა დღესდღეობით სავალალო მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციო-აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თქმით, პირველ ეტაპზე, საჭიროა კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკების დაწყება და შენობის მფლობელობასთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისული ვარიანტის მოძიება, რომლის შემდეგაც უშუალოდ დონორის შერჩევა და ფინანსების ორგანიზება მოხდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას ილიასეული სასამართლოს შენობა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულება, შეუნარჩუნოს,  - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.