დაბა თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა

29 ნოემბერს, დაბა თიანეთში სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული პედაგოგებით, აღჭურვილია გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ამ ეტაპზე სასწავლებელს 17 სტუდენტი ჰყავს, რომლებიც მეფუტკრეობასა და სატყეო საქმეს შეისწავლიან. საგაზაფხულო მიღებისთვის იგეგმება ახალი სპეციალობების დამატება, რომელთა შორის იქნება მეცხოველეობა, ხის მხატვრული დამუშავება, ტრაქტორისტ-მემანქანე, რძის და ყველის წარმოება, თმის სტილისტი და ა.შ.

კოლეჯის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ლევან ზაუტაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება და პროფესიული განვითარება ქვეყნის წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. ახლად გახსნილი საზოგადოებრივი კოლეჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდების პროფესიული აღზრდის და მომავალი დასაქმების პერსპექტივაში.   

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს სამი სასწავლო ფართი: დაბა თიანეთში, დაბა სტეფანწმინდასა და წინამძღვრიანთკარში. 2017 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტესტირების საფუძველზე სტუდენტები ჩაირიცხნენ სამივე ფილიალში, 9 სპეციალობაზე. კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს როგორც მოდულურ, ასევე დუალურ პროგრამებს.