წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

27 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ-ის "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო" მიერ, ქალაქ დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, 32 წარჩინებულ მეათე კლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. 
2017 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - ფარგლებში, 2009 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბესიკ თალაკვაძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარინა ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.