რეგიონის სკოლები სათბობი შეშით მომარაგდება

ეროვნული სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების შეშით მომარაგებას აგრძელებს. ამჯერად, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო. პირველ დღეს მომარაგდა ახალსოფლის საჯარო სკოლა, სადაც საერთო ჯამში შეიზიდა 150 კუბ. მეტრი სათბობი შეშა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით მიმდინარე წელს ტყის ჭრა პროფესიონალების მიერ შესრულდება და მისი მიწოდება საჯარო სკოლებისთვის მოხდება ოპერატიულ რეჟიმში, რაც სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი პირობა იქნება ისწავლონ კომფორტულ გარემოში.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ეტაპობრივად 2150 კუბ. მეტრი სათბობი შეშით 40 საჯარო სკოლა მომარაგდება. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგებით მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს. საქართველოს 9 რეგიონში, საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება.