საუკუნო ხსოვნა აგვისტოს ომის გმირებს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ხელისუფლების  წარმომადგენლებთან ერთად, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ლევან მიდელაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.  ღონისძიების ფარგლებში მოხდა დაღუპული გმირის მემორიალის ყვავილებით შემკობა, მოეწყო ოკუპირებული ტერიტორიების ფოტოგამოფენა. წეროვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეასრულეს „ფლეშ მობი“. გაიმართა დისკუსია თემაზე „საქართველოს კონფლიქტები 1990-2008 წლებში“.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული სხვა გმირებიც გაიხსენეს. ყვავილებით შეამკეს ირაკლი მორბედაძის, მამუკა ბეკურაშვილისა და გია რომელაშვილის საფლავები, რეზო ახალკაცისა და რეზო ალავერდაშვილის მემორიალი. თანაგრძნობა და თანადგომა გამოუცხადეს დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად აღესრულა პანაშვიდი.