ფესტივალი Art-გენი მცხეთაში

მიმდინარე წლის 12 ივლისს, მცხეთის ახალ ნავსადგურში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ფესტივალი Art-გენი ჩატარდა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, რეგიონის მუნიციპალიტეტების და მცხეთის მერიის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, ახალი ნავსადგურის ტერიტორიაზე, გაიმართა ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“, ფოლკლორული კონცერტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ანსამბლების მონაწილეობით, ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი შოუ „შავფაროსნები“-ს შესრულებით. ფესტივალი „თსუ გორდელა“-ს სოლო კონცერტით დაიხურა.

14 წლის მანძილზე ფესტივალი Art-გენი ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე საავტორო, ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული მნიშვნელობის ადგილების პოპულარიზაციას. შემთხვევითი არაა, რომ წელს, ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა.

მცხეთის ახალი ნავსადგური მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა საზეიმოდ გახსნა. როგორც ერთ-ერთი ტურისტული ატრაქცია, მცხეთის ახალი ნავსადგური მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქალაქისა და ზოგადად, რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. ნავსადგურში მისული სტუმრები, სანაოსნო ტურის ფარგლებში, საქართველოს ისტორიას 15 ენაზე მოისმენენ.