სამუშაო შეხვედრა: ჯვრის ინფრასტრუქტურული მოწყობა

მიმდინარე წლის 11 ივლისს, სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე და სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ბესიკ ბიჩნიგაური.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ესთეტიკური მოწყობის საკითხები: სველი წერტილების მოწესრიგება, ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა, გარემოვაჭრეთათვის ალტერნატიული სავაჭრო სივრცის შეთავაზება, პარკირების  პრობლემის გადაჭრა და სხვა.

შედეგად ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ინფრასტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტებს. ამ საკითხის მოსაგვარებლად სახელმწიფო სტრუქტურებმა შეიმუშავეს კონკრეტული სამოქმედო პროგრამა, რომლის დასრულება მოხდება უახლოესი 2 თვის მანძილზე.