მცხეთა-მთიანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ  ლევან ზაუტაშვილი წარადგინა.  ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი საინტერესო და სპეციფიურია თავისი ისტორიული ძეგლებითა და მთიანი საკურორტო ზონებით, გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო მეტად განვითარების.

,,რეგიონს აქვს ახალი გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, ლევანის  საქმიანობა იქნება ძალიან ეფექტიანი, ის ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს რეგიონის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ლევან ზაუტაშვილს 2013-2017 წლებში ეკავა „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის პოსტი. მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.