მორიგი სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

15 მაისს, სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონი გოჩა ზეიკიძის მორიგი სამუშაო შეხვედრა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე კახაბერ მწითური და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა რეგიონული მასშტაბით სატყეო გზების მშენებლობასა და სხვა მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა. მცხეთა-მთიანეთში ივლისის ბოლომდე დაახლოებით 23 კილომეტრიანი სატყეო გზის რეაბილიტაცია დასრულდება, რაც მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მიერ საშეში მასალით მომარაგების პროცესს უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის.

შეხვედრაზე ტრადიციულად რეგიონში აქტუალური საკითხები განიხილეს: დასუფთავება, წყალმომარაგება, განსახორციელებელი და განხორციელების პროცესში არსებული პროექტების მიმდინარეობა. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს რაიონების  მასშტაბით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც და გუბერნატორთან ერთად, საკონსულტაციო რეჟიმში, მათი გადაჭრის გზები დასახეს.