ქართულ-ესპანური ურთიერთობის პერსპექტივები

11 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას სტუმრობდნენ ესპანეთის კულტურული აქტივობების ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ჯორდი აბელა,  ესპანეთში მცხოვრები თანამემამულე, საქართველო-ესპანეთის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების კოორდინატორი ქეთი გორგილაძე, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი ვალერი გულბანი და სხვები. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ სტუმრებს რეგიონის “მწვანე განვითარების” მიმართულებით გატარებული ღონისძიებები და მათი გრძელვადიანი პერსპექტივა გააცნო. რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა ისაუბრა მიმდინარე და დამუშავების პროცესში არსებულ პროგრამებზე და პროექტებზე, მათ შორის ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის დაცული ლანდშაფტის შექმნაზე, შემოქმედებითი ინდუსტრიების ევროკავშირის პროგრამაში მცხეთა-მთიანეთის საპილოტედ შერჩევასა და მწვანე ინოვაციების ცენტრის-ტექნოპარკის მშენებლობაზე.

სტუმრებმა ესპანური გამოცდილებისა და რესურსების მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომართვას მხარი დაუჭირეს. ღონისძიებები, რომლებიც ამ მიმართულებით სამომავლოდ განხორციელდება, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ინოვაციების სფეროებს მოიცავს. წინამძღვრიანთკარის კოლეჯის მონახულების შემდეგ მათ ახალი პროგრამების შემოტანის პერსპექტივებზე ისაუბრეს, ესპანეთში ქართველი სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და მათთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის კუთხით საკუთარი მზაობა დააფიქსირეს.