გარემოს ეროვნული სააგენტოს სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წელს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოიცა ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენი „საქართველოში 2016 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2017 წლისთვის“.  აღნიშნული დოკუმენტის გაცნობის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტო მხარეებში გასვლითი სამუშაო შეხვედრების ციკლს ახორციელებს, რომელსაც 11 მაისს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მცხეთა-მთიანეთის მხარეში მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სტიქიური გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) არსებული მდგომარეობა და მათგან მოსალოდნელი საფრთხეები, გაკეთდა გარკვეული პროგნოზები 2017 წლისთვის, შემუშავდა რეკომენდაციები.

სამუშაო შეხვედრაში სააგენტოს მხრიდან გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, ამავე დეპარტამენტის სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს გეოეკოლოგიურ გართულებებზე რეაგირების ჯგუფის უფროსი ოთარ ქურციკიძე და ამავე სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი გიორგი კუნჭულია მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.