შემოქმედებითი ინდუსტრიების ფორუმი მოლდოვაში

4-6 მაისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემოქმედებითი ინდუსტრიების კონკურსში გამარჯვებული რეგიონებისა და ქალაქების წარმომადგენლების ფორუმი, სადაც ქართული მხარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონით იყო წარმოდგენილი. ფორუმზე წარმოჩენილ იქნა მსოფლიოს მოწინავე გამოცდილება შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სფეროში. დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს წამყვანი მეთოდოლოგია კარტირების, დაგეგმვისა და რეალიზების მიმართულებით. 

შემოქმედებითი ევროპის ექსპერტმა ზვიად მჭედლიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა ფორუმის მონაწილეებს მცხეთა-მთიანეთის მხარე გააცნეს, რომლის მდიდარი პოტენციალი და მრავალფეროვანი რესურსი  მრავალი შემოქმედებითი პროექტის განვითარების საფუძველი გახდება.  ფორუმის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები, მათ შორის პროექტში გამარჯვებული რეგიონების და ქალაქების, აგრეთვე, ევროპის წარმატებული მაგალითების ადგილზე გაცნობა.