შემოქმედებითი მცხეთა-მთიანეთი

12 აპრილს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნესში“, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივა“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელობა რეგიონში, აღნიშნული სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მეთოდიკა.

ევროკავშირის პროგრამების „შემოქმედებითი საქართველო“ და „შემოქმედებითი ევროპა“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ მთავარ მიზანს წარმოადგენს კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, კულტურული ინდუსტრიებისთვის დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და შემოქმედებითი ადამიანების დაკავშირება და „შემოქმედებითი ევროპა“  პროგრამის განხორციელება ეროვნულ დონეზე.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი შალვა გივიშვილის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონმა თავისი მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალით,  კულტურული მნიშვნელობით და დასახული მიზნებით შეძლო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივა“ პროექტის კონკურსის გამარჯვებული გამხდარიყო (აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი ერთადერთი გამარჯვებული რეგიონია. მონაწილე ქვეყნებიდან პროექტში მხოლოდ ქალაქები ჩაერთვნენ). აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას, რეგიონის ცნობადობის ზრდას და ტურისტული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, რაც თავის მხრივ მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება.