ახალი ტურისტული პროექტი რეგიონში

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოსა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „აგორა“ ურთიერთთანამშრომლობით, ფშავ-ხევსურეთში (ბარისახო, შატილი, როშკა, მაღაროსკარი, უკანა ფშავი) ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის ერთობლივ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მიზანია ლოკალური ტურ-მარშრუტების შემუშავება, ტურისტების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა და  მომსახურების სფეროს განვითარება.

11 აპრილს, ხევსურეთში, სოფელ კორშაში, შოთა არაბულის სასტუმრო-მუზეუმში,  რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის შალვა  გივიშვილის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის ბესიკ ბიჩნიგაურის, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „აგორა“ პრეზიდენტის ივანა ბურსიკოვას, ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლის ვოიტეხ კუბეცისა და ადგილობრივი მოსახლეობის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განიხილეს ტურისტული პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ასევე მათი განხორციელების გზები და საშუალებები.

 შეხვედრის დასასრულს, ბატონმა შალვა გივიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით დაწყებული რამდენიმე რეგიონული მასშტაბის პროექტი გააცნო და ფშავ-ხევსურეთის განვითარებაში მათი სამომავლო პოტენციალი მიმოიხილა.