სიახლე: ტექნოპარკი რეგიონში

10 აპრილს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ტექნოპარკის გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლის, ლაშა დალაქიშვილის შეხვედრა განათლების, ბიზნესის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის პირველი ეტაპი წეროვნის დევნილთა დასახლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შედგა. ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ტექნოპარკი ეს არის პროექტი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საინტერესო იდეა და მისი რეალურ პროდუქტად ქცევა სურს. ტექნოპარკის ბაზა თავისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ნოვატორული იდეების მქონე ადამიანების სამსახურში ჩადგება.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ბატონი გოჩა ზეიკიძე უძღვებოდა. განხილულ იქნა წეროვნის დასახლებაში ტექნოპარკის გახსნის საკითხის მნიშვნელობა. დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა, რომ პროექტის ამოქმედება ახალ სიცოცხლეს შეიტანს როგორც დასახლებაში, ასევე მთლიანად რეგიონში. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მიესალმა მწვანე ინოვაციების ცენტრის გახსნის სამომავლო იდეას  და მისი ეფექტური მუშაობის დიდი იმედი გამოთქვა.