სამუშაო ჯგუფის სხდომა: დასუფთავების საკითხები

6 აპრილს, სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა შედგა. სხდომას ესწრებოდნენ რწმუნებული-გუბერნატორი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის მოადგილე, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი რამდენიმე სოფლის ხელმძღვანელი.  

შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანაგვიანებული ზონების დასუფთავების ორგანიზება წარმოადგენდა. მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის-გუბერნატორის გოჩა ზეიკიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთების სანიტარული მდგომარეობა შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ მიხედვას საჭიროებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა დასუფთავების ღონისძიებები, რომლებიც უმოკლეს დროში განხორციელდება.