მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პრეზენტაცია

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებული, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.


"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ექსპერტმა ანი ქათამიძემ, მუნიციპალიტეტების პირველ პირებსა და თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს დოკუმენტის მიზანზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტებში საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავება, რომელიც თვითმმართველობების პრიორიტეტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების განსაზღვრისთვის საფუძველი იქნება.
დოკუმენტის მოსამზადებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტდა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების (ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის, საბიუჯეტო) წარმომადგენლებისა და გამგებლის მოადგილეებისგან. სამუშაო ჯგუფებს ექსპერტულ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შერჩეული "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ექსპერტები უწევენ.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, პირველი მოადგილე გურამ ამირიძე, მოადგილეები მანანა ნარიმანიძე და თამაზ სუჯაშვილი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ როსებაშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, სამხარეო ადმინისტრაციის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.