წილკანში აგრომიმართულებით ახალი ლაბორატორია გახსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან გოჩა ზეიკიძესთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორია გახსნა.

ობიექტი თანამედროვე აპრატურით აღიჭურვა და საშუალებას იძლევა  როგორც მარცვლეულ კულტურათა, ასევე სათესლე მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვროს.

> ლაბორატორიაში, თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) მოთხოვნებისა

და ნორმების შესაბამისად, შემდეგი სახის აგრო ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი:

  •  ნიმუშის აღება,
  •  ანალიზური სიწმინდის და აღმოცენების ენერგიის  განსაზღვრა,
  •  აღმოცენების უნარის დადგენა,
  •  ტენიანობის განსაზღვრა,
  •  1000 მარცვლის წონის დადგენა,
  •  მავნებლების და დაავადებების განსაზღვრა,
  •  სიმინდის და კარტოფილის კულტურის ფიტოპათოლოგიური ექსპერტიზა,
  •  მცენარეთა სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის ტესტი.

> გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ავსტრიის განვითარების კოოპერაციის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორიას მარცვლეულის ამღები სელექციური კომბაინი და სათესი საჩუქრად გადასცა. ძვირადღირებული  ტექნიკა, რომელიც ავსტრიული წარმოებისაა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს მისცემს საშუალებას, მცირე დანაყოფებზე აიღონ მოსავალი, დაიცვან ჯიშური სიწმინდე, რაც გააადვილებს სელექციურ მუშაობას. ტექნიკის ექსპლუატაციისთვის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების გადამზადება უცხოურმა ორგანიზაციამ (FAO) უზრუნველყო.

> გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალით და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი FAO-თან ერთად, ახორციელებს პროექტს - „მარცვლეული კულტურების თესლის სერტიფიცირება“, რაც საშუალებას იძლევა, ფერმერებმა  2020 წლამდე უფასოდ განახორცილონ მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურები. ამ სისტემის დანერგვა ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის მოხვედრის პრევენციაა.