„აწარმოე საქართველო“ -ს ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი დაფინანსდა

 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე  საქართველო“ მხარდაჭერით,  ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“,  ე.წ. ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, ქართული ნატურალური წვენის წარმოება დაიწყო.

პროექტისთვის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციამ 25 მლნ.  ლარი შეადგინა (აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი დაახლოებით 3 მლნ ევროა) და დამატებით 100-მდე  სამუშაო ადგილი  შექმნა.

უალკოჰოლო სასმელის   „ჩერო“ ინოვაციური წარმოება  ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის,  კონკურენტუნარიანი ქართული  პროდუქციის  წარმოების საშუალებას იძლევა, ხოლო ასეპტიკური ხაზები უპრეცედენტოა  რეგიონისათვის. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ  ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა  და ე.წ. დსთ-ს სივრცეში.

პროდუქტის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე.

ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა  კომპანია ბიუჯეტში დამატებით 5 მლნ. ლარით მეტს გადაიხდის.  პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში,  10 მლნ ლიტრი ნატურალური წვენის წარმოება მოხდება, თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის გამოშვების  შესაძლებლობა აქვს.