სამუშაო შეხვედრა თვითმართველობების პირველ პირებთან

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან, რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

მხარეებმა განიხილეს შიდა თუ ცენტრალურ გზებზე, ასევე ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე დასუფთავებასთან დაკავშირებით ჩასატარებელი  ღონისძიებები. მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან შეხვედრაზე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კოტე ამირაჯიბმა სასკოლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელიც მიდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიან ისტორიაში არის ყველაზე მასშტაბური. პროგრამაში საქართველოს 2200 სკოლიდან ჩართულია 1400 -ზე მეტი და მონაწილეობას 80 000 -მდე ბავშვი იღებს. ღონისძიების მიღმა დარჩენილი მცირეკონტიგენტიანი სკოლების ჩართულობის საკითხი განიხილება და სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა სექტემბრის თვიდან შესძლებს სპორტულ შეჯიბრებების მონაწილე გახდეს. პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მეტი ბავშვის ჩართვა სპორტულ აქტივობებში. კოტე ამირაჯიბის თქმით, სხვადსხვა სპორტის ფედერაციები გადაამზადებენ პედაგოგებს. პროგრამა უახლოეს მომავალში დაიწყება და ადგილზე კვალიფიციურ სპეციალისტებსა გააჩენს. ამასთან, კვარტალში ერთხელ გამოვა ელექტრონული ჟურნალი, სადაც აისახება საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ბავშვთა სასკოლო სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები.