მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიზნესფორუმი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და Business Georgia-ის ორგანიზებით, მცხეთაში, რეგიონის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. 

ღონისძიება მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ გახსნა და მოკლედ მიმოიხილა რეგიონში არსებული ბიზნესგარემო, მეწარმეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში მიმდინარე პროცესები. სამხარეო ადმინისტრაციასა და Business Georgia -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 ფორუმზე, რომელსაც ბიზნესსექტორის, ინვესტორების, უცხო ქვეყნის საელჩოების, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იქნა ადგილობრივი ბიზნესის წახალისებისა და ახალი ბიზნეს პროექტების შემუშავების ასპექტები. 

მონაწილე მხარეები გაეცნენ ინფორმაციას მაღალი პოტენციალის მქონე გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსების შესახებ, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ფინანსური რესურსების სწორად გამოყენების მექანიზმებს, საკითხებს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური რესურსების, „მთის კანონისა“ და საგადასახადო ლიბერალიზაციის შესახებ.

"Business Georgia-ს მთავარ ამოცანას წარმაოდგენს ადგილობრივი ბიზნესის წახალისება, რაც გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ახალი პროექტების შემუშავებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, ის ცოდნა, რაც ადგილობრივი ბაზრის შესახებ გვაქვს, ასევე გლობალური ვაჭრობის ფართო ქსელი ის ფაქტორებია, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ღირებულებას ინვესტორთათვის, რომლებიც დაინეტერესებულნი არიან საქართველოს სავაჭრო თუ საინვესტიციო შესაძლებლობებით“- აღნიშნა Business Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა გოგიშვილმა. 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონის მწვანე მიმართულებით განვითარებაზე, რაც ბიო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა-წარმოებას გულისხმობს. ამასთან, ისაუბრა მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელ სხვადასხვა კატეგორიის  პროექტებზე, მათ შორის:

 

  •   გუდაურში, ტურიზმის ხელშესაწყობად და კურორტის განვითარებისთვის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.  წელსვე, საბაგირო გზის გამოყენებით, შესაძლებელი გახდება კობიდან გუდაურში გადაადგილება. 
  •   დუშეთში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, მოხდება დასასვენებელი პარკის, ასევე  მიმდებარე ისტორიული დასახლების რეაბილიტაცია და აღდგენა. იგეგმება ჭილაშვილების სასახლის რესტავრაცია. 
  •   უახლოეს მომავალში, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფ. ნარეკვავში, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ლიდერ ფუდ“-ის ქარხანა გაიხსნება, რაც 200 -მდე ადამიანის დასაქმების წყაროა. ასევე, მუხრანში გაიხსნება ლუდსახარშის Heineken ქარხანა და მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება „კოკა-კოლას“ ფილიალის მშენებლობა.

მხარის გუბერნატორმა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზეც  ისაუბრა. გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 5000 -დან 15 000 -მდე გრანტით დაფინანსდა 220-მდე მიკრო და მცირე მეწარმე.

მცხეთა-მთიანეთის ბიზნესფორუმზე,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განსახორციელებელ სხვადსხვა პროექტზე ისაუბრა:

  •   თიანეთი-ახმეტის 29 კმ გზის მშენებლობა
  •   ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის მშენებლობა
  •   მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მშრალ ხევზე მდებარე ხიდის მშენებლობა
  •   დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა.

ნიკოლოზ როსებაშვილის თქმით,  „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის მიმდინარე წელს გამოყოფილია 6 000 000 ლარზე მეტი, რომელიც მუნიციპალური შიდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის  დაიხარჯება.

ტურიზმის მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში  განხორციელდება:

  •   ქალაქ მცხეთის ურბანული განაშენიანება და სარეკრეაციო პარკის მოწყობა
  •   ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  •   სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რესტავრაცია
  •   თიანეთის მუნიციპალიტეტში არჩილის მონასტერთან და ჟებოტის ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
  •   2018-2019 წლებში დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ასევე წყლის გამწმენდი ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობა.

ბიზნეს ფორუმზე ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მწვანე განვითარების პერსპექტივები, ისაუბრეს კოოპერატივების როლზე რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პოტენციურად საინტერესო დარგებზე ინვესტორთათვის, დარგობრივი ბიზნეს მომსახურებების როლზე სოფლის მეურნეობასა და რეგიონულ განვითარებაში.

„ჩვენი, როგორც სამხარეო ადმინისტრაციისა და მთავრობის, პრიორიტეტია კერძო მეწარმეობის ხელშეწყობა. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს რეგიონში ბიზნესი სწრაფი ტემპით განვითარდეს. ძირითადი ამოცანაა მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის  დაბრუნება და მიგრაციის პრევენცია“, - განაცხადა მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ.

ფორუმს ესწრებოდნენ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამის,  საქართველოს სტატისტიკის სააგენტოს ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის, მცხეთა - მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა - მთიანეთის რეგიონული კოორდინაციის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.