ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე,  რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი და სააგენტოს ევროპასთან ინტეგრაციის კოორდინატორი ეკა ორჯონიკიძე, ოფიციალური ვიზიტით, ჩეხეთისა  და ავსტრიის რესპუბლიკებში იმყოფებოდნენ. მხარის გუბერნატორის თქმით, შეხვედრების მიზანია ქვეყნებს შორის  მეგობრული, საქმიანი და კულტურული ურთიერთობების დამყარება, ასევე დონორებთან, საინვესტიციო ფონდებთან აქტიური თანამშრომლობა. კერძოდ:

  •   წეროვანის მწვანე ინოვაციების ცენტრის კონცეფციასა და ალტერნატიული ენერგიის, ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა პრაღის ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელ გრიგორი ბუბნოვთან და ბიზნეს პარტნიორებთან. მიმდინარე წლის მარტის თვეში, ერთობლივი პროექტის მოსამზადებლად, დაიგეგმა უცხოელი პარტნიორების ვიზიტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

 

  •   მიღება გაიმართა ჩეხეთში  საქართველოს საელჩოში. ელჩი ზაალ გოქსაძე გაეცნო ვიზიტის ამოცანებს და სტუმრებს სხვადასხვა მიმართულებით დახმარება აღუთქვა, მათ შორის,  ჩეხეთის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებაში.

 

  •   ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ირჟი შირთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. საუბარი შეეხო საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობას. ჩეხეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ორგანული სოფლის მეურნეობის გასაცნობად უმასპინძლოს მცხეთა-მთიანეთიდან ჩასულ ჯგუფს.

 

  •   ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა ბუდოვიცეში, საბურავების გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. გუბერნატორის თქმით, მსგავსი პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოიხსნება მეორადი საბურავებით გარემოს დაბინძურების პრობლემა, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება   ისეთი პროდუქციის წარმოება, როგორიცაა: გრანულები, სპორტული მოედნების რბილი საფენები, ლითონი და სხვა.

 

  •   სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორთან მიხალ კაპლანთან და აღმოსავლეთის თანამშრომლობის კოორდინატორთან კატერინა შიმოვასთან. ორგანიზაცია  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იწყებს 5 წლიან პროგრამას ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და განვითარებისთვის. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობასა და სოციალურ მეწარმეობაში მხარდაჭერის საკითხი. პროექტების დასაზუსტებლად, მიმდინარე წლის  აპრილის თვეში, ბატონი კაპლანი და ჩეხი ექსპერტები ოფიციალური ვიზიტით რეგიონს ეწვევიან.  

 

  •   ქ. ბრნოში, ინოვაციების გამოფენაზე, გაიმართა შეხვედრა ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტ მიხაელ შტეფლთან და ჩეხეთში მოღვაწე  ბიზნესმენ ლაშა მენაბდესთან.  განიხილეს წეროვანის მწვანე ინოვაციების ცენტრში ევროპის მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი.

 

  •   ჩეხეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პრაღაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ცენტრის შექმნა, რომელსაც ინფორმაციის გაცვლისა და საქმიანი შეხვედრების ფუნქცია ექნება. ცენტრის ბაზაზე მოხდება  ქართული გამოყენებითი ხელოვნების პროდუქციის გამოფენა და საწყობის მოწყობა,  რაც ხელს შეუწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ევროპის ბაზარზე. ჩეხეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, გიორგი ორჯონიკიძემ უკვე გამოყო საგამოფენო  და ბიზნეს შეხვედრებისათვის საჭირო  ფართი. ასევე, ახლო მომავალში პრაღის ძველ ცენტრში, პრესტიჟულ უბანში,   სასტუმროს პირველ სართულზე, ანალოგიური მიზნებისთვის გამოიყოფა საჭირო ფართი.

 

ავსტრიაში დელეგაციას მასპინძლობას უწევდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები მაია აბულაშვილი და გიორგი ტაბატაძე.

  •   პირველი ვიზიტი შედგა ქვემო ავსტრიის ფედერალური მიწის კლოსტერნოიბურგის პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც უძველესია ავსტრიაში. იგი დასპეციალებულია მევენახეობა-მეღვინეობის და მეხილეობის მიმართულებით. აქ შერწყმულია სწავლება, მეცნიერული კვლევა და წარმოება. სასწავლებელს გააჩნია თავისი მამულები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საწარმოები და ღვინის მარანი. მოხდა შეთანხმება ამ სასწავლებლის წინამძღვრიანთკარის აგრარულ კოლეჯთან დამეგობრების თაობაზე.

 

  •   დელეგაცია ესტუმრა ტულნში, ეკონომიკური განვითარების სააგენტოს ტექნოპარკს, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო სექტორებს და  მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ბიოტექნოლოგიებში. განხილულ იქნა შესაძლებლობა, ამ პარკის წეროვნის ტექნოპარკისათვის გამოცდილების გაზიარების შესახებ.

 

  •   შეხვედრა გაიმართა ბიო ავსტრიის ვენის ოფისში. ესაა ბიოფერმერთა გაერთიანება, რომელიც 12 ათას მეურნეს აერთიანებს. ავსტრია ბიოწარმოების ასპექტში მოწინავეა ევროპაში და მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია მცხეთა-მთიანეთის სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციის თვალსაზრისით.

 

  •   შეხვედრა შედგა ავსტრიის სოფლისა და ტყის მეურნეობის, გარემოსა და წყლის მეურნეობის ფედერალურ სამინისტროში, საერთაშორისო აგრარული და ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტში. აქ განიხილეს მცხეთა-მთიანეთის მხარდაჭერის საკითხი აგრო ინოვაციების გაზიარებასა და დანერგვაში.

 

  •   შეხვედრა გაგრძელდა ავსტრიის სავაჭრო პალატაში. ავსტრიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ბეკო და განახლებადი ენერგიებისა და სოფლის მეურნეობის დარგის მთავარი მენეჯერი კონრად ეკლი. ისინი გაეცნენ მცხეთა-თიანეთის რეგიონის მწვანე განვითარების გეგმებს და თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივა წარმოადგინეს.

      ვიზიტი დასრულდა ავსტრიის განვითარების სააგენტოში შეხვედრით ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ვალტერ ემაირთან და კავკასიის ქვეყნებში პროგრამების მენეჯერთან ნორბერტ ბიდერთან. გოჩა ზეიკიძემ მადლობა გადაიხადა „ADA” -ს მიერ საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის. შალვა გივიშვილმა წარმოადგინა რეგიონის მწვანე განვითარების ხედვა, პრიორიტეტების და „ADA” -ს  მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ საქმეში. მასპინძლებმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვეს ჩვენი რეგიონის ინიციატივების გამო და აღუთქვეს აქტიური მხარდაჭერა.  

     „ ვიზიტი იყო ძალიან შინაარსიანი და  ინფორმაციული. მცხეთა-მთიანეთის განვითარების ინოვაციურ არჩევანს მიესალმებიან ჩეხეთისა და ავსტრიის იმ წრეებსა და სტრუქტურებში, საიდანაც სათანადო მხარდაჭერა და თანადგომა მოიაზრება“ - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ.